იაპონიის სანაპიროზე ოკეანემ მეტალის ბურთი გამორიყა, რომლის დიამეტრი 1,5 მეტრია. ფოტოებს და ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.
საეჭვო მეტალის ბურთი, იაპონიის ქალაქ ჰამამაცუს მახლობლად, შიზუოკას პრეფექტურის სანაპიროზე გამოირიყა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ბურთს ახლოს არ მიჰკარებოდნენ.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევის ადგილზე მალევე გამოჩნდნენ ჩაფხუტიანი და სპეცტანსაცმლიანი პოლიციელები. იაპონიის თავდაცვითი ძალების წარმომადგენლებმა დაიწყეს იმის გარკვევა, რას წარმოადგენდა ეს უჩვეულო ბურთი და საიდან გაჩნდა ის სანაპიროზე.
მედიის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ობიექტი არის გლუვი, კრემისფერი ყავისფერი ლაქებით, რომელიც ჟანგს ჰგავს. ბურთს ორივე მხარეს ნახვრეტები აქვს.
ხალხში გაჩნდა ეჭვი, რომ ამოუცნობი სფერული ობიექტი ჯაშუშური მოწყობილობა ან ძველი საზღვაო ნაღმი იყო. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ბურთი ამოუცნობი მცურავი ობიექტი იყო ან უცნობი ზღვის ბინადრის კვერცხი.
რენტგენის გადაღების შემდეგ პოლიციამ დაადასტურა, რომ ბურთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო. ის მხოლოდ და მხოლოდ ლითონის სფერული ჯართი იყო. გამოცემა წერს, რომ ოკეანეები, ისევე როგორც ცა, სავსეა საიდუმლოებითა და ნაგვით.
შიზუოკას პრეფექტურის მდინარის და სანაპირო მართვის ბიუროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიროიუკი იაგიმ განაცხადა, რომ კვლევის დასრულების შემდეგ, ბურთი განადგურდებოდა.