იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ინდოელ კოლეგასთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო წესრიგის საფუძველი შეარყია.
„ჩვენ დავადასტურეთ, რომ სტატუს-კვოს ცალმხრივი ცვლილება ძალის გამოყენებით ნებისმიერ რეგიონში უპატიებელია და რომ აუცილებელია დავის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გადაწყვეტა,“- განაცხადა იაპონიის პრემიერმა ინდოელ კოლეგასთან ნიუ-დელიში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰარშ ვარდან შრინგლამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორმა ლიდერმა „ხაზი გაუსვეს უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცულობის მნიშვნელობას".
Reuters-ი წერს, რომ ინდოეთი და იაპონია, შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიასთან ერთად, „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ (Quad) წევრები არიან, მაგრამ ინდოეთი არის Quad-ის ერთადერთი წევრი, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა ოფიციალურად არ დაუგმია.
შეგახსენებთ, იაპონიამ ათობით რუს ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა და უკრაინელი ლტოლვილები მიიღო.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"