ცნობილი იაპონური თეატრალური დასის, ტაკარაძუკას წარმოდგენა, რომელიც საქართველოს ისტორიას, კერძოდ კი რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს ასახავს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბილეთების უმეტესობა თითქმის ყველა წარმოდგენაზე უკვე გაყიდულია. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, სპექტაკლში, საქართველოს ისტორიის გარდა, შესანიშნავად არის წარმოდგენილი ქართული კულტურის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ეროვნული სამოსი, ქართული სიმღერა, ცეკვა და სხვ.
მთლიანობაში იგეგმება 100-მდე წარმოდგენის გამართვა ქალაქ ტაკარაძუკასა და ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში. მაყურებელთა ჯამური რაოდენობა კი სავარაუდოდ 250 ათასს გადააჭარბებს.
სცენარი ეფუძნება იაპონელი მწერლის, ნამიკი იოს მიერ მეცამეტე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს შესახებ დაწერილ რომანს,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და ხაზგასმულია, რომ საელჩო აქტიურად უჭერდა მხარს აღნიშული პროექტის განხორციელებას. სპექტაკლს იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავაც დაესწრო.