ოთხშაბათს გვიან საღამოს უკრაინის დედაქალაქის ცა მკვეთრმა თეთრმა ნათებამ გაანათა. ამ დრომდე ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა იყო ამის მიზეზი. უკრაინელი სამხედროები ამას ატმოსფეროში შემოსული თანამგზავრის ან მეტეორის დაცემას უკავშირებენ. თეთრი შუქის მქონე ობიექტი კიევის ბევრი რაიონიდან ჩანდა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალი, თუმცა საჰაერო თავდაცვა არ ამუშავებულა.
კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინებოდა, რომ 19 აპრილის საღამოს კიევის თავზე კაშკაშა სინათლე იყო ნასას კოსმოსური თანამგზავრის დედამიწაზე დაცემის შედეგი. თუმცა NASA-მ განაცხადა, რომ ცნობები მათი თანამგზავრის დაცემის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
NASA-ს სპიკერმა რობ მარგეტამ განაცხადა, რომ თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იმყოფებოდა, როდესაც კიევის თავზე სინათლე დაფიქსირდა. თანამგზავრი ატმოსფეროს მკვრივ ფენებში ღამის განმავლობაში უნდა შემოსულიყო. ამავდროულად იმ დროს, ატმოსფეროში NASA-ს არც ერთი სხვა თანამგზავრი არ შემოსულა.