“იძებნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”, – ამ სათაურით სოციალურ ქსელში სტატუსს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (აფბა) ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე აქვეყნებს.
“კომერსანტი ” სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
იძებნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
იმის ფონზე, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.
თუ წინა წლებში უმუშევრობის დონე ძირითადად მცირდებოდა სამუშაო ძალის, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის შემცირებით, ამჯერად გაიზარდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო სამუშაოს ძიება.
ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორი უმუშევრობის მაჩვენებელია, ხოლო როდესაც უმუშევრობის დონე გაზრდილია და დასაქმების დონე შემცირებული, აქედან გამომდინარე, ისმის ლოგიკური კითხვა – სად არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? რაში კონვერტირდა? კი ბატონო, მაგალითად, გაზრდილ ექსპორტში. თუმცა, მხოლოდ ნედლეულის სახით პროდუქციის ექსპორტზე გატანა, ვერ მოიტანს გარდამტეხ შედეგს თუ მასზე დამატებითი ღირებულება ადგილზევე არ შეიქმნა. ფაქტია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არც დასაქმების და არც უმუშევრობის მაჩვენებელში არ კონვერტირებულა. მათ შორის არც ინვესტიციებში.
ერთადერთი, სადაც ის იგრძნობა, არის გაზრდილი ფასები პროდუქციასა და სერვისებზე.
იმის გთავალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს, კიდევ უფრო გაჭირდება ეკონომიკური ზრდის ხელშესახები შედეგების შეგრძნება.
პ.ს ფერიცვალებას გილოცავთ! უკეთესი პერსპექტივით”, – წერს სოციალურ ქსელში აფბას ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ საქსტატმა უმუშევრობის დონის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. კერძოდ, 2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა.