ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 2.1%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს, ის წლიურ ჭრილში +2.4%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, ეკონომიკური ზრდა 0.2%-ია.
ევროსტატის ინფორმაციით, წინა კვარტალთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ყველაზე ძლიერი ტენდენცია შვედეთში ფიქსირდება, სადაც მშპ 0.7%-ით გაიზარდა; მეორე ადგილზე 0.5%-იანი ზრდის მაჩვენებლით იტალიაა; ხოლო მესამე ადგილს მშპ-ის 0.4%-იანი ზრდით პორტუგალია და ლიეტუვა ინაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა 5.1% შეადგინა; ხოლო კვარტალურმა 0.3%.
რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდის დონეს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.7%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 0.5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, წლიური 4.8%-დან 5.0%-იან ნიშნულამდეა გაზრდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასები თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში იზრდება.
ცნობისთვის, რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის მოსათოკად და ევროს მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით, 1.5%-იან ნიშნულამდე გაზარდა.