ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე იძულებით გადაადგილებულ პირთა მონიტორინგის ცენტრისა (IDMC) და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) ხელმძღვანელსა და ექსპერტს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ილია ღუდუშაურმა, ეკომიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრის მოადგილემ ალექსანდრა ბილაკს და იოსეფ ჯეის 3-წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც, 13 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
მისივე განცხადებით უწყება, განსახლების გარდა, ეკომიგრანტებისა და დევნილებისათვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით, იგეგმება ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება და ერთიანი სტრატეგიის მომზადება. აღნიშნული მიმართულებით, სამინისტროს IDMC-სა და NRC-ს ხელმძღვანელები და ექსპერტებიც დაეხმარებიან.
როგორც IDMC-ის დირექტორმა ალექსნდრა ბილაკმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც დევნილთა ეროვნული მონაცემთა ბაზა გააჩნია, რაც იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
შეხვედრას სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.