მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდმა ილია II-ის წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი რუსეთის პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. მოსკოვის საპატრიარქომ ილია მეორეს წერილი თარგმნა, თუმცა მისი ტიტულიდან ,,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“ ამოიღო და კირილესადმი მილოცვის ტექსტი ისე გამოაქვეყნა:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადების დღე მიულოცა.
„მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს მის უწმინდესობა კირილეს,
თქვენო უწმინდესობავ!
ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!
ამ მძიმე წუთებში გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე, გვინდა, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას და ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
უფალმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი სამწყსო!
ქრისტეს სიყვარულით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.“