საქართველოს საპატრიარქო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმარს ავრცელებს.
„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.
გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.
ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.
შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”, -აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ამჟამად ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, სადაც ტრაგედია მოხდა, გადაკეტილია და ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ობიექტზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ჯამში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამოშლას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. ევაკუაცია იმის გამო მოხდა, რომ არსებობს ნგრევის გაგრძელების საშიშროება. ნანგრევებიდან დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციაში 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. აღარ აღინიშნება თბილისობა. შეჩერდება საარჩევნო კამპანიაც.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ბათუმის ტრაგედიამ აჩვენა, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება მშენებლობისთვის.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა.
ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.