ილონ მასკმა ევროპელებს ატომური ენერგიის წარმოების ზრდისკენ მოუწოდა, რადგან ქვეყნები შესაძლოა რუსული გაზის გარეშე აღმოჩნდნენ, ამ უკანასკნელის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო.
მასკმა ტვიტერზე დაწერა: „დღეს სრულიად ნათელია, რომ ევროპის ქვეყნებმა უნდა ჩართონ გამორთული ატომური ელექტროსადგურები და უნდა გაზარდონ იმ სადგურების წარმადობა, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ“.
„ეს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საკითხია“, – ირწმუნება Tesla-ს გენერალური დირექტორი, რომელიც ელექტრომობილების გარდა სუფთა ენერგიის პროექტებზეც მუშაობს.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg წერს, რომ ევროპაში 102 ბირთვული რეაქტორია გაჩერებული.
ბოლო პერიოდში განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა საკმაოდ დაბალი ტემპით მიმდინარეობს, რამაც გაზარდა ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულობა რუსულ გაზზე.
ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასმა ორშაბათს, 7 მარტს, 1000 კბ/მ–ზე $3000–ს მიაღწია.