Twitter-ის და Tesla-ს მფლობელი, ამერიკელი მულტიმილიარდერი, ილონ მასკი ყურადღებით აკვირდება „იუნაიტედის“ გარშემო შექმნილ ვითარებას, რადგან მანჩესტერული გრანდის შეძენას გეგმავს, – იუწყება Daily Mail-ი.
ამერიკელი მილიარდერების, გლეიზერების ოჯახი „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვას აპირებს. ილონ მასკის გარდა, „წითელი ეშმაკების“ ყიდვის სურვილი მანამდე უმდიდრესმა ბრიტანელმა და გუნდის დიდი ხნის გულშემატკივარმა ჯიმ რატკლიფმა გამოთქვა. 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბით საუდის არაბეთის ინვესტორები და Apple Corporation-ი ინტერესდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ, Manchester United-ის აქციები ნიუ-იორკში 12.7%-ით გაიზარდა.
ილონ მასკის ქონება 178 მილიარდ დოლარად ფასდება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ საორიენტაციო ღირებულება კი 6 მლრდ ფუნტი, 7 მილიარდ დოლარზე მეტია.
მიმდინარე სეზონში Manchester United-ი ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. გუნდმა ასევე მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბარსელონას წინააღმდეგ სათამაშოდ.