Twitter - ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა, თანამშრომლებს განუცხადა, რომ ხუთშაბათს 17 ნოემბერს ნაშუადღევს უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კომპანიაში დარჩენის ან წასვლის შესახებ. - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post -ი ავრცელებს.
პერსონალისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც პირველად The Washington Post-მა გაავრცელა, სახელწოდებით A Fork in the Road, მასკი აცხადებს, რომ Twitter - ის გზა წარმატების მისაღწევად „უაღრესად მძიმე იქნება“. ისინი ვინც დარჩენას გადაწყვეტენ ხანგრძლივ და ინტენსიურ სამუშაო საათებს უნდა ელოდონ, ხოლო ისინი ვინც წავლენ, სამთვიან ანაზღაურებას მიიღებენ.
ილონ მასკმა 44 მილიარდი დოლარის აქტივი ოქტომბერში გადაიბარა, რის შემდეგაც კომპანია დაბნეულობამ და ქაოსმა მოიცვა, მასკმა მაშინვე გაათავისუფლა მაღალი რგოლის მენეჯერები, შემდეგ კი თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი ანუ 3700 ადამიანი. მოგვიანებით ილონ მასკმა გაათავისუფლა ისინი, რომლებმაც საჯაროდ გააკრიტიკეს მასკი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას კიბერუსაფრთხოების და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლების გადადგომა მოყვა.
მასკის მტკიცებით, მისი ეს გადაწყვეტილებები, Twitter -ისთვის უფრო მომგებიანი იქნება, ის ასევე ამტკიცებს, რომ კომპანიამ თავი უნდა დააღწიოს რეკლამას და სხვა წყაროებიდან მიიღოს შემოსავალი. ილონ მასკმა Twitter-ის შესაძენად 13 მილიარდი დოლარი ისესხა, რაც საკმაოდ ძვირად აღიქმება. სარეკლამო გაყიდვები, რომელიც მასკის მფლობელობის შემდეგ შემცირდა, კომპანიის შემოსავლის თითქმის მთელ ნაწილს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ მასკმა Twitter გაკოტრებულად გამოაცხადოს, რაც კომპანიას ვალების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
თაკო კვაჭანტირაძე