კომპანიამ Tesla მორიგი მასშტაბური ღონისძიება Cyber Rodeo გამართა, რომელიც მიუძღვნა მორიგი გიგაქარხნის გახსნას, ამჯერად ტექსასში, ოსტინთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ ახალი ქარხნის ოფიციალური გახსნა ბერლინის გიგაქარხნის გახსნიდან 10 დღეში მოხდა. ეს უკვე კომპანიის მესამე ქარხანაა შტატებში ნევადას და კალიფორნიის ქარხნების შემდეგ, ხოლო ჯამში მეხუთე - ბერლინისა და შანხაის გიგაქარხნების ჩათვლით.
ღონისძიებაზე კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ქარხნის მნიშვნელობაზე, მის მასშტაბებსა და გეგმებზე ისაუბრა. ის ღონისძიებაზე შავი ფერის როდსტერით გამოჩნდა და კავბოურ ქუდში იყო გამოწყობილი.
სწორედ ამ ქარხანაში მოხდება კომპანიის პირველი ელექტრო პიკაპის - ფუტურისტული Cybertruck-ის სერიული წარმოება. ილონ მასკმა ღონისძიებაზე წარმოადგინა Cybertruck-ის სერიული ვერსია, რომელიც ნამდვილად განსხვავდება აქამდე წარმოდგენილ მოდელისგან. მას აქვს უკანა ხედვის სარკეები, საქარე მინის უზარმაზარი საწმენდი, სხვა დიზაინის ბორბლები, სახეცვლილი წინა და უკანა ოპტიკა, უკანა შუშა ახლა იწევა, ამასთან ავტომობილმა დაკარგა კარის სახელურები - მათ ნაცვლად არის სისტემა, რომელიც მფლობელს ავტომობილში ავტომატურად დაუშვებს.
ამასთან, ილონ მასკმა უკვე საბოლოოდ გაამხილა ვადები, თუ როდის გამოვა ავტომობილი მასობრივ ბაზარზე. მან მოიბოდიშა რამდენიმეწლიანი შეფერხებისთვის და განაცხადა, რომ მოდელი კონვეიერზე 2023 წლიდან შედგება. მანამდე კი ქარხანა ბრენდის სხვა სერიული ელექტრომობილების წარმოებას შეუდგება. მისი წარმადობა წლიურად 500 000 ელექტრომობილი იქნება.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"