რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირების პრობლემაზე და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ამ პრობლემის შემსუბუქების მიზნით იდგმება.
„პირველ ეტაპზე ამ საკითხს როგორც სახელმწიფო, ასევე საპატრულო პოლიცია ძალიან მკაცრად მიუდგა და დისტრიბუტორებს ერთ არასწორ პარკირებაზე 50 ლარიან ჯარიმას უწერდნენ, მაშინ როდესაც ერთ ბორტს საშუალოდ 25 წერტილში უწევს გაჩერება, ეს ძალიან მძიმეა, ერთ-ერთ კომპანიას თვის განმავლობაში 10 000 ლარის ჯარიმა მიუვიდა.
ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მოქმედება ძალიან სწრაფად დავიწყეთ, როგორც საპატრულოში, ასევე ეკონომიკის სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ პირს მივმართეთ, ეს საკითხი პირდაპირ ბმაშია ინფლაციასთან, რადგან როდესაც არ არსებობს ადგილი იმისთვის, რომ დისტრიბუტორმა დააპარკინგოს და ჯარიმდება, ეს ფაქტობრივად არის გადასახადი, რამაც რაღაცაში ასახვა უნდა პოვოს და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროდუქტის ფასებზე აისახოს“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ჭყონიას განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მერიის და საპატრულოს მხრიდან გარკვეული მორატორიუმი არ იქნება, სექტორი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი თქმით, ეს პრობლემა იმდენად მასშტაბურია, მოკლე დროში ვერ მოგვარდება და იდეალური იქნება თუ მისი გადაწყვეტა 2023 წელს მაინც მოხერხდება.
„ერთ საპარკინგე სივრცეზე, რომელიც შეიძლება სავაჭრო წერტილთან გამოიყოს, მომავალში შესაძლებელია ერთდროულად ორი მანქანა მივიდეს, სანამ რაღაც სისტემას ვიკვლევთ, აპლიკაციაზეც არის მსჯელობა და ა.შ, მანამდე რაღაც პერიოდით თუ მორატორიუმი არ გამოცხადდება, ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ
ჭყონიას თქმით, ის 30 საპარკინგე წერტილი, რომლის გამოყოფაზეც მერია საუბრობს ასოციაციის მიერ გადაცემული 550 ადგილიდან არის შერჩეული.
„ეს არის ის სია, რომელიც მოიცავს სუპერმარკეტებს,მაგრამ დისტრიბუცია სჭირდება სასტუმროებს, რესტორნებს, მცირე ზომის კაფეებს და ა.შ. რომლებიც ამ სიაში საერთოდ არ შედის. ის რომ 550 ადგილი საკმარისი არ არის, ეს ყველამ ვიცით და ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. სანამ დამუშავების პროცესია. ეს უბრალოდ კომპანიებს დაანგრევს, რადგან როდესაც იცი რომ თვის განმავლობაში ჯარიმის სახით 10 000 ლარის გადახდა გიწევს, ეს რაღაცაში უნდა აისახოს და ეს არის ფასი. ჩვენ ვცდილობთ რომ ეს მოსახლეობას და მოქალაქეებს არ დააწვეს. 50 ლარიანი ჯარიმა ძალიან მძიმეა მოქალაქისთვის , ეს არ არის მხოლოდ სადისტრიბუციო სექტორის პრობლემა, ეს ქსელურად მოედება ყველა სექტორს, სასტუმროებს, რესტორნებს, კაფე ბარებს, რითეილს და ა.შ“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ .
სადისტრიბუციო მანქანების პარკირებისთვის უკვე შერჩეულია 30 -მდე ადგილი , ამის შესახებ „კომერსანტთან“ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ჯაიანმა განაცხადა, მისი თქმით დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ მოწოდებული სიის დამუშავება ინტენსიურად მიმდინარეობის და ახალი ადგილების შერჩევაც მათთან თანამშრომლობით მოხდება.
თაკო კვაჭანტირაძე