საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) ხელმძღვანელები განვითარებული ეკონომიკების ზრდის ტემპის შენელების, რეკორდული ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე გლობალური რეცესიის რისკებზე საუბრობენ.
აშშ–ის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოში უდიდესია, ვალდებულებების ღირებულების გაზრდის წნეხს განიცდის, მათ შორის ზეწოლა იგრძნობა შრომის ბაზარზეც, განაცხადა IMF–ის დირექტორმა კრისტალინა გიორგიევამ თავის კოლეგასთან მსოფლიო ბანკიდან დევიდ მალპასთან ერთობლივ გამოსვლაზე.
IMF–ის შეფასებით, სახელმწიფოები, რომლებზეც მსოფლიო მშპ–ის დაახლოებით მესამედი მოდის, მიმდინარე და მომავალ წლებში ეკონომიკურ ვარდნას სულ მცირე ორი კვარტალის განმავლობაში აჩვენებენ, ხოლო 2026 წლის ბოლოსათვის გლობალური ეკონომიკა დაახლოებით $4 ტრლნ–ს დაკარგავს, წერს სააგენტო Bloomberg.
თავის მხრივ, მალპასმა მომავალი წლისთვის მოსალოდნელი გლობალური რეცესიის „რეალურ საფრთხეებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოლარის გამყარება განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე ცუდად აისახება, რაც საბოლოო ჯამში ამ ქვეყნების სახელმწიფო ვალებს ზრდის.
ამასთან, გლობალური საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ დაუშვებელია ინფლაციის არსებულ ნიშნულებზე შენარჩუნება და მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს მოუწოდეს, არ მოადუნონ ძალისხმევა სამომხმარებლო ფასების ზრდის შესანელებლად.
„თუ თქვენ სათანადო ზომებს არ მიმართავთ, პრობლემები შეგვექმნება“, – თქვა გეორგიევამ.
წყარო: gbc.ge