საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოსთვის დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
IMF-ის დირექტორთა საბჭომ, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) პირველი მიმოხილვა დაასრულა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით გამწვეული ნეგატიური გავლენა, საქართველოს ეკონომიკაზე, ნავარაუდევზე ნაკლები აღმოჩნდა, ტურიზმიდან შემოსავლები მზარდია, ომით გამოწვეული მიგრაციული ნაკადები და ფინანსური შემოდინებები კი მაღალია, ასევე მზარდია სატრანზიტო ვაჭრობა საქართველოს გავლით.
ფონდის პროგნოზით, 2022 წელს ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. გარდა ამისა, IMF 2023 წელს ინფლაციის და ეკონომიკის ნორმალიზებას პროგნოზირებს.
ორგანიზაციას, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების შემთხვევაში, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მოლოდინი აქვს.
„გლობალური ვაჭრობის შენელება და ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოს ეკონომიკის ზრდაზეც აისახება, რაც საქონლის გლობალური ფასების კლებასთან, ლარის ბოლოდროინდელი გამყარებასთან და საკმარისად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გაურკვევლობა და რისკები მაღალ დონეზე ნარჩუნდება,“ — ნათქვამია მიმოხილვაში.
აღმასრულებელი საბჭოს განხილვის შემდეგ, მმართველი დირექტორის მოადგილემ და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანტუანეტ საიემ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ სიძლიერე გამოავლინა და ქვეყნის ხელისუფლებამ პროგრამის ყველა პირობა დააკმაყოფილა.
მისი თქმით, მაღალი გაურკვევლობის და რისკების კონტექტში მაკროეკონომიკური სტაბილურობის განსამტკიცებლად აუცილებელია გონივრული პოლიტიკის გაგრძელება.