პანდემიის პრევენცია, ლარის გაუფასურების შეჩერება თუ სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ხელშეწყობა - რომელია რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ფუნქციონირებენ დღეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტები? ეკონომიკის სფეროს ექსპერტების უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევს მთავრობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ამუშავების უფლებას იმ პირობებში, როდესაც ჯიხური სხვა ბიზნეს ობიექტებთან შედარებით საკმაოდ დაცულია.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილის თქმით, სავალუტო ჯიხურების დახურვა, ლარის კურსის გაკონტროლების უსუსური მცდელობაა და მის გამყარებას ხელს ვერ უწყობს.
„ეს არის საკმაოდ უსუსური მცდელობა, რომ გააკონტროლონ ლარის კურსი. ამ შეზღუდვით შექმნიან ილუზიას, რომ ლარი მყარია. ეშიანიათ კიდევ დამატებითი სისუსტე არ გამოაჩინოს ეროვნულმა ვალუტამ. ისეთივე მცდარი სტრატეგიაა როგორც ლარიზაცია. ვალუტისადმი ნდობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და არა ბიუროკრატების მიერ სავალუტო ჯიხურების დახურვაზე, რაც ხელს ნამდვილად არ უწყობს ლარის გამყარებას“,-აცხადებს ბედინეიშვილი.
ფინანსისტი გადამცვლელი ჯიხურების მეპატრონეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ იჯარით აღებული პუნქტები უმუშევრობის გამო დამატებითი ფინანსური ვალდებულებაა. ბედინეიშვილი ბანკსა და გადამცვლელ ჯიხურებს შორის არსებულ მაღალ მარჟაზეც საუბრობს.
„ბანკში გაცილებით ცუდი კურსია მომხმარებლისთვის ვიდრე სავალუტო ჯიხურში, ბანკებში დაბალ ფასში ხდება დოლარის გადახურდავება და გაცილებით მაღალ ფასში მისი ყიდვა, მომხმარებელი საკუთარ ფულში გამოდის წაგებული. ეს არის კონკურენციისთვის ხელის შეშლა. იმის ნაცვლად, რომ ცენტრალურმა ბანკმა და მთავრობამ კონკურენციას ხელი შეუწყოს, პირიქით იქცევა და კონკრეტული სერვისის მიწოდებას ხელოვნურად აფერხებს“, -აცხადებს ბედინეიშვილი.
ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი სავალუტო ჯიხურების დახურვას გაუმართლებელს უწოდებს და გაუგებრად მიაჩნია, რატომ არის პუნქტები დღემდე უფუნქციოდ.
„დღეს უკვე ჩემთვისაც გაუგებარია რას ემსახურება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების დახურვა. მისი მუშაობა დაავადების გავრცელებას ხელს არ უწყობს, რადგან ყველაზე უსაფრთხო სამსახურია სადაც არანაირი შეხება მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის არ არის. ამ პრინციპით ბანკის მუშაობაც უნდა შეჩერდეს, თუ ვირუსის გავრცელებაზეა საუბარი. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ სავალუტო ჯიხურების აკრძალვა ლარის გამყარებას უწყობს ხელს, ეს არის ტყუილი. სამწუხაროდ ციფრები ამაზე არ მეტყველებს. იმ ადამიანებს რომლებსაც უნდა გადაეხურდავებინათ გადამცვლელ პუნქტში დოლარი მომგებიან ტარიფად დღეს უწევს ბანკში საკმაოდ დაბალ ნიშნულზე თანხის გაცვლა.“- განაცხადა ექსპერტმა ირაკლი ყიფიანმა.
ნათია ლომიძე