იმპიჩმენტის პროცესში წარმომადგენელთა პალატის ბრალმდებლები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აჯანყების პროვოცირებისთვის უნდა გასამართლდეს და მას სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს.
ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპმა თავისი ქმედებებით ამერიკის საკონსტიტუციო სისტემას საფრთხე შეუქმნა.
ბრალმდებლებმა დონალდ ტრამპს კონგრესის წინააღმდეგ ძალადობის პროვოცირებაში ბრალი დასდეს, რაც, მათი აზრით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ჩაშლის მცდელობას წარმოადგენდა.
„პრეზიდენტ ტრამპის პასუხისმგებლობა 6 იანვრის მოვლენებზე უეჭველია. პრეზიდენტ ტრამპის მცდელობა, გაეძლიერებინა საკუთარი ძალაუფლება კონგრესზე ძალადობის აღძვრის გზით, პრეზიდენტის ფიცის დარღვევა იყო“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 8 თებერვალს დაიწყება. პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები, ე.წ. იმპიჩმენტის მენეჯერები ბრალდების მხარის როლს შეასრულებენ, ხოლო სენატორებს ნაფიც მსაჯულთა როლი დაეკისრებათ. იმპიჩმენტის პროცესს „დემოკრატი“ სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.
იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდება (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). სენატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის შემთხვევაში, სენატი კენჭს უყრის საკითხს, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს.
11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
imedinews.ge