იმპორტიორებს ჩინეთში გადარიცხვებზე პრობლემები შეექმნათ

იმპორტიორებს ჩინეთში გადარიცხვებზე პრობლემები შეექმნათ

access_time2022-12-16 10:00:01

ქართველ იმპორტიორებს ჩინეთიდან გადმოზიდვებზე პრობლემები ექმნებათ. უფრო კონკრეტულად, იმპორტიორებს შეფერხებები ჩინეთში უცხოური ვალუტის გადარიცხვაში აქვთ, რის გამოც პროდუქტის ჩამოტანის პრობლემებია.


კომპანია „ტექიმპორტის“ დამფუძნებელი გიორგი სარალიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ბოლო დღეებში იმპორტიორები ჩინეთში გადარიცხვებს ვეღარ ახერხებენ, რადგან ბანკების მხრიდან ისეთი დოკუმენტების მოთხოვნა ხდება, რომლის წარდგენასაც იმპორტიორები ფულის გადარიცხვამდე, ფიზიკურად ვერ შეძლებენ.


„წლებია ამ მიმართულებაზე ვმუშაობთ და პრობლემები არ ყოფილა, თუმცა ბოლო პერიოდში, ბანკების მხრიდან დოლარში გადარიცხვები გამკაცრებულია. იმპორტიორებს საშუალება აღარ აქვთ ჩინეთში დოლარი გადარიცხონ. მაგალითად, 2 დღის უკან მივედი ბანკში თანხის გადასარიცხად, თუმცა უარი მითხრეს. მომთხოვეს ისეთი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მე ამ ეტაპზე არ შემიძლია.


როდესაც საზღვარგარეთ რამეს ვყიდულობთ, ვრიცხავთ თანხას და ვყიდულობთ პროდუქციას. ასევეა ჩვენს შემთხვევაში, ქარხანა არის ჩინეთში და ვუკვეთავთ ჩვენთვის სასურველ პროდუქციას. ვურიცხავთ თანხას და ის მიგზავნის. ვთანხმდებით პორტზე, მაგალითად, მე მინდა ჩინეთში ვისარგებლო შანხაის პორტით. ჩემს მომწოდებელს ეს ტვირთი ჩააქვს შანხაის პორტში და აბარებს ჩემს სატრანსპორტო აგენტს, ანუ ვინც უნდა ჩამოიტანოს. ამ ტვირთის ჩაბარების შემდეგ ეს სატრანსპორტო აგენტი იღებს ტვირთს, ათავსებს კონტეინერში და მაძლევს სატრანსპორტო ფურცელს (bill of lading, B/L), რომ ჩაიბარა ჩემი ტვირთი.


სანამ ტვირთს ჩემი სატრანსპორტო აგენტი არ მიიღებს, სატრანსპორტო დოკუმენტს არ/ვერ მოგცემს. ბანკში მისვლის დროს კი ქართული ბანკები გთხოვენ, რომ ინვოისთან ერთად წარმოვადგინოთ სატრანსპორტო დოკუმენტი. ვუხსნი, რომ ინვოისთან ერთად სატრანსპორტო დოკუმენტს ვერ წარმოვადგენ, რადგან ჯერ ფული უნდა გადავიხადო და შემდეგ ამ დოკუმენტის მიღება შევძლო“, - განმარტავს გიორგი სარალიძე.


ბიზნესმენმა პრობლემის მოგვარების გზას თავად მიაგნო და გადარიცხვა ჩინეთის ეროვნული ვალუტის მეშვეობით განახორციელა.


„მარტივი გამოსავალი ვიპოვე, წავედი ბაზისბანკში და გავხსენი ანგარიში იუანში. მშვენიერი კურსით გადავახურდავე და გადავრიცხე. დოლარის ნაცვლად, ვისარგებლე იუანით. ამ შემთხვევაში, მე პრობლემა თავად მოვაგვარე და ჩემს თავს ვუშველე, მაგრამ ვისაც არ აქვს საშუალება, რომ სხვა გზები გამოძებნოს, ის დაზარალდება“, - აცხადებს სარალიძე.



მისი თქმით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან ტრანსპორტირება საკმაოდ გაძვირებული იყო, თუმცა დღეს ტრანსპორტირების ფასები უკვე ქვემოთაა წამოსული.


„მაგალითად, ჩინეთიდან კონტეინერის ჩამოტანა თუ ჯდებოდა 1500 დოლარი, უცებ, 1,5 წლის განმავლობაში გახდა 15 ათასი დოლარი. ამის შემდეგ, ბიზნესებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა იაფი გზების ძიება და ერთ-ერთი ასეთი იაფი გზა იყო ირანის პორტით სარგებლობა. ახლა ტრანსპორტირების ფასები კონტეინერზე ჩამოსულია 2500 დოლარზე. დღეს აღარავინ სარგებლობს ირანის კორიდორით და ჩვენმა ბანკებმა რატომღაც მოინდომეს ამ შეზღუდვის ახლა ამუშავება. რეალურად გაჩერებული აქვთ გადარიცხვები დოლარში.


1,5 თვის წინ, როდესაც გადარიცხვა გავაკეთე, მოგვთხოვეს წარმოგვიდგინეთ დოკუმენტი, რომ ეს ტვირთი არ გაივლის ირანის ტერიტორიასო. სატრანსპორტო კომპანიას ეს დოკუმენტი გამოვართვი, რომ ტვირთი ირანს არ გაივლიდა, ის პირდაპირ მოვიდოდა თურქეთის პორტში და შემდეგ ფოთის პორტში. მაშინ ეს წერილი იყო საკმარისი, მაგრამ დღეს უკვე საკმარისი აღარაა. ბანკს ვუთხარი, რომ წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტს და ჯავშანს, რომ ნამდვილად მაქვს კონტეინერში ადგილი დაჯავშნილი, თუმცა მითხრეს, რომ ეს წერილი საკმარისი აღარ არის და უნდა წარვუდგინო სატრანსპორტო დოკუმენტი“,  - აცხადებს „ტექიმპორტის“ დამფუძნებელი.


გადარიცხვებთან დაკავშირებული პრობლემები „კომერსანტს“ კომპანია „სქაი ლოჯისთიქსშიც“ დაუდასტურეს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული შეზღუდვები არა ქართული ბანკების, არამედ ამერიკული ბანკების მიერაა დაწესებული.


„ეს არის ამერიკული საკორესპონდენტო ბანკების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რათა გაკონტროლდეს თანხების ბრუნვა. მართლაც წარმოუდგენელ დოკუმენტებს ითხოვენ, თუმცა არა ჩვენი ბანკები, არამედ გამტარი ბანკები. რასაც ისინი მოითხოვენ, ასეთი დოკუმენტაცია კი არსებობს, მაგრამ ის კონკრეტული დოკუმენტები გადამზიდავ კომპანიას ვერ ექნება.  წარმოშობის სერტიფიკატი ექნება თვითონ იმპორტიორს.


ჩვენ, ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით, ანუ ვინც ჩვენთან ურთიერთობს, გარანტიას ვაძლევთ, რომ ტვირთი ირანის ტერიტორიას არ გაივლის, ისინი ამ გადარიცხვებს აგვარებენ. ბანკს სჯერა ჩვენი კომპანიის რეიტინგის და იმ დადასტურების, რომ ტვირთი ირანზე არ გაივლის. ბევრს დავეხმარეთ და ბევრს ვაძლევთ ასეთ წერილს. თუმცა ზოგადად ეს პრობლემაა და ეს პრობლემა არ არის ინდივიდუალური. იგივე ხდება აზერბაიჯანშიც და სხვა ქვეყნებშიც“ - აცხადებენ „სქაი ლოჯისთიქსში“.


როგორც კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ აცხადებს, აღნიშნული პრობლემის და შეუსაბამობის გამო  ჩინეთიდან ბევრი ტვირთი ვერ მოდის და სერიოზული ჩავარდნებია მათთვის, ვინც ჩინეთიდან იმპორტს აწარმოებს.


„კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელს  ჩინეთში - ბექა მიქაბერიძესაც გაესაუბრა. მიქაბერიძე არსებულ პრობლემას ადასტურებს და გამოსავლად მიაჩნია ის, რომ ქართულ კომპანიებს ავანსის გადარიცხვის საშუალება მიეცეთ.


„სიტუაცია არის ასეთი, ქართველი კლიენტები, ვინც არიან შემსყიდველები, ჩინეთში ვერ რიცხავენ ავანსს,  30%-ს, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება, რომ ჩინურმა მხარემ  პროდუქციის წარმოება დაიწყოს. შეფერხება არის იმაში,  რომ ქართული ბანკები ითხოვენ დამადასტურებელ დოკუმენტს B/L-ს, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქცია გზაშია. თუმცა ქართულ კომპანიებს ამ საბუთის წარდგენა არ შეუძლიათ, რადგანაც თუ პროდუქცია არ იქნება წარმოებული და გემზე დადებული, შესაბამისად B/L-საც ვერ წარადგენენ.


სავარაუდოდ, ეს მოთხოვნები უფრო საკორესპონდენტო ბანკების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ამიტომ საქართველოს ბანკებიც აღნიშნული რეგულაციებით მოქმედებენ. გამოსავალი არის ის, რომ ქართულ კომპანიებს დართონ ნება, რომ უპრობლემოდ გადარიცხონ თანხის 30%. თუ ეს პრობლემა არ გამოსწორდება, ხარვეზები შეექმნებათ ქართულ კომპანიებს. ვიდრე ქართული კომპანიები ალტერნატიულ გზებს არ გამონახავენ ალბათ სირთულეები იქნება,“- აცხადებს ბექა მიქაბერიძე.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up