მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმდინარე კვირაში Indian Wells Masters-ს გამოეთიშა, რადგან სერბმა სპორტსმენმა აშშ-ში შესვლის ნებართვა ვერ მიიღო. ამის გათვალისწინებით კი მას აღნიშნული ტურნირის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი შეცვლის.
როგორც უცხოური მედია წერს, აშშ ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორის შესვლისას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვს, რაც ჯოკოვიჩს არ გააჩნია, რადგანაც მან ვაქცინაციაზე უარი განაცხადა.
აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმ უცხოელების შესვლაზე აკრძალვა, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, 11 მაისამდე გაახანგრძლივა.
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023 წლის BNP Paribas გამოეთიშა. მისი გამოთიშვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს მოედანზე გამოსვლის საშუალება მიეცა, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
Indian Wells Masters-ი 8-19 მარტს ჩატარდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 8,8 მილიონი აშშ დოლარია. შეჯიბრის ძირითადი ბადის წილისყრა ჯერ არ გამართულა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 118-ე ადგილზეა. ქართველი ინდიან ველსის მასტერსზე 2021 წელს ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ კამერონ ნორისთან 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.