ინდოეთის საწყობები მარცვლეულით სავსეა და ქვეყნის ფერმერები კიდევ ერთი რეკორდული მოსავლისთვის ემზადებიან. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სააგენტოს მონაცემებით, ინდოეთი, ჩინეთის შემდეგ, ხორბლის წამყვანი გლობალური მწარმოებელია და აქვს პოტენციალი, რომ 2022-23 წლებში მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ოდენობა, 12 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანოს, მაშინ, როცა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, 2021-22 წლებში გადაზიდვები 8,5 მილიონი ტონას შეადგენდა.
„ინდოეთის ხორბლის ექსპორტი ბაზარზე მსოფლიო მიწოდების რთულ მდგომარეობას ამსუბუქებს. ეს, ასევე, ხელს უწყობს გლობალურ ფასებს, რადგან დიდი რაოდენობის ინდური ექპორტის გარეშე, ხორბლის ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა,“ - აცხადებს სინგაპურში დაფუძნებული Agrocorp International-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ვიჯაი აიენგარი, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით, 12 მილიონ ტონა მარცვლეულით ვაჭრობს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხორბლის საორიენტაციო ფასი მიმდინარე თვეს ჩიკაგოში ბუშელზე 13,635 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როცა წინა 5 წლის განმავლობაში, ომის დაწყების დღემდე ბუშელი მხოლოდ 5,50 დოლარი ღირდა.
Bloomberg-ის შეფასებით, მიწოდების გართულებისა და მარცვლეულზე ფასების ზრდის შედეგად, ხორბლის ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, ინდოეთი კონკურენტუნარიანი პირველად გახდა. ზედიზედ ხუთი რეკორდული მოსავლის შემდეგ, ინდოეთს ექსპორტისთვის ჭარბი რაოდენობა აქვს, რაც გადამწყვეტ როლს შეასრულებს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის იმპორტიორებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ხორბლის მიწოდებას, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში, ბანგლადეშსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ბაზრებზე აპირებს, ექსპორტიორებს მყიდველების პოვნა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც არ გაუჭირდებათ,“ - წერს Bloomberg.
ვიჯაი აიენგარი ამბობს, რომ ამჟამად ინდური ხორბალი ყველა ბაზარს სჭირდება, განსაკუთრებით აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. მისი თქმით, ინდურ ხორბლზე მსგავსი აჟიოტაჟი გლობალურ ბაზარს აქამდე არ ახსოვს.
ინდოეთი ხორბლის მიწოდებაზე მოლაპარაკებების ბოლო ფაზაზეა მსოფლიოს უმსხვილეს შემსყიდველ ეგვიპტესთან. ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები, ასევე, მიმდინარეობს ჩინეთთან, თურქეთთან, ბოსნიასთან, სუდანთან, ნიგერიასა და ირანთან.
მიმდინაარე წლის იანვრის მონაცემებით, წინა იანვართან შედარებით, ინდოეთიდან ხორბლის ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა და 10 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 6 მილიონ ტონა შეადგინა. Food Corp. of India-ს მონაცემებით, ქვეყნის სახელმწიფო საწყობებში მარტის დასაწყისში 23 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი ინახებოდა, რაც, დაახლოებით, სამჯერ აღემატება იმ დონეს, რომელსაც მთავრობა წელიწადის ამ დროისთვის მოითხოვდა.
USDA-ს საგარეო სასოფლო-სამეურნეო სამსახურის შეფასებით, მართალაია, ინდოეთიდან ახლო აღმოსავლეთში მიწოდებას უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს შავი ზღვის ტრადიციული ექსპორტიორი ქვეყნებიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ხდება, მაგრამ ინდოეთს კარგი შესაძლებლობა აქვს, დაბალფასიანი ხორბლის ძირითადი მიმწოდებელი გახდეს.