ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანას იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაცია განახორციელოს, ვაქცინების 1.8 მილიარდი დოზაა საჭირო, - ინფორმაციას გამოცემა Independent-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა შესუსტდა, ექსპერტები შიშობენ, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, მალე მესამე ტალღა დაიწყოს.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში იმაზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული, ვიდრე შეერთებულ შტატებში. კერძოდ, 28 ივნისის მონაცემებით, ინდოეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 323.6 მილიონი დოზაა გამოყენებული, აშშ-ში კი გახარჯული დოზების რაოდენობა 323.3 მილიონს შეადგენს. თუმცა, Reuters-ის სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 46 %-ი, ინდოეთში კი მხოლოდ 5%-ი.
ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 46 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30.27 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ვირუსს კიდევ 979 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 396 730-ს მიაღწია.
IPN.GE