ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1, კარანტინის რეჟიმში -1 575 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275 ადამიანია მოთავსებული.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი პაციენტებისგან აღებულია 15 ტესტი, რომლის პასუხებიც დღეს დილით გახდება ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მძიმეა 80 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ქრონიკული დაავადებებიც აწუხებს.
84 ადამიანი იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აქედან 4 პაციენტი kორონა ვირუსითაა ინფიცირებული. სტაბილურად მძიმეა 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც სიმპტომური მკურნალობა უტარდება. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge