საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმდინარე შემცირება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნეს ივლისში ან უფრო ადრე დაუბრუნდება, რაც ძირითადად იმპორტული ინფლაციის შემცირების შედეგია, — ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, მოთხოვნის კუთხით, საბაზო ეფექტის გარდა, თებერვლის ექსპორტის შედარებით სუსტი მაჩვენებლი, ფეროშენადნობებისა და სასუქების ექსპორტის ვარდნით იყო გამოწვეული.
„ამ ორი პროდუქტის გარეშე, ექსპორტი 6.3%-ის მაგივრად, 36.1%-ით გაიზრდებოდა. ამდენად, საგარეო მოთხოვნა ჯერჯერობით კვლავ ძლიერია. თუმცა, თუ ამ სასაქონლო კატეგორიებზე ფასები არ აღდგა, 2023 წლის ეკონომიკის ზრდაზე ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურმა ზეგავლენამ შესაძლოა 1%-იც კი შეადგინოს.
ფასების გარდა, ცალკეული პროდუქტების, კონკრეტულად კი სპილენძის უარყოფითი კონტრიბუცია იმპორტშიც მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, თებერვალსა და მარტში, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ ადგილობრივ მოთხოვნაზე მიუთითებს. ასევე - ძირითადად უფრო დაბალი ინფლაციის ხარჯზე, თუმცა მაინც აღსანიშნავია რეალური საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესებაც“, — აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან“
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ თიბისი კაპიტალის მოლოდინით ინფლაციის საკმაოდ მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა მომდევნო კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაძლოა განაკვეთის დაწევა მაისისათვის გადადოს. თიბისი კაპიტალის აზრით, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი იმპორტირებული პროდუქტების გარეშე ინფლაციასა და ბოლო პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით გაურკვევლობის ზრდაზე იქნება.