ინფლაცია კვლავ გამოწვევად დარჩება 2023 წლისთვის, რადგანაც ის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ დონეზეა ნაპროგნოზები, აცხადებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. როგორც ეკონომისტმა განაცხადა, ინფლაციაზე ზეწოლის შესამცირებლად კარგი იქნება, თუ ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წლის ნიშნულზე ჩამოიწევა.
„მოგეხსენებათ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე. მოთხოვნის მხრიდან, რომელზედაც რეაგირება აქვს ცენტრალურ ბანკს. 2023 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთაა, 2,8%-ის ფარგლებშია მშპ-ს მიმართ. ეს კარგია, მისასალმებელია, თუმცა თუ გვინდა, რომ წნეხი უფრო შემცირდეს და გაანეიტრალოს სხვა ფაქტორების ზეწოლა ინფლაციაზე სასურველი იქნებოდა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წლის ნიშნულზე იყოს. მაშინ იყო 2,1% მშპ-ს მიმართ. სავარაუდოდ ამ მაჩვენებლამდე ჩამოსვლა ალბად ვერ მოხერხდება, თუმცა შეიძლება იყოს მცირედით, 2,5%-თან დაახლოება. ეს შესაძლებელია, რომ გაკეთდეს“, განაცხადა ეკონომისტმა BM TV-ის ეთერში.
ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ Galt & Taggart-ის 2023 წლის ინფლაციის კორექტირება რამდენიმე თვეა არ მოუხდენია, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მისი თქმით, 2022 წლისთვის მოლოდინია, რომ ქვეყანაში ინფლაცია ერთნიშნა ნიშნულამდე ჩამოვიდეს.
„2023 წლისთვის სახელფასო ხარჯები სავარაუდოდ უცვლელი დარჩება და ეს სავარაუდოდ 2026 წლამდეა გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს ხელფასების ზრდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ ხაზს ვისვამთ არის ის, რომ რამდენად იქნება პროდუქტიულობის შესაბამისი ანუ თავად პროდუქტიულობა რამდენად შეესაბამება ხელფასების ზრდის ტემპს. თუ იქნება ისე, რომ ხელფასები უფრო სწრაფად გაიზრდება ვიდრე პროდუქტიულობა, ზეწოლა ამ კომპონენტთან შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ბიუჯეტის მთლიან სურათს შევხედავთ ბიუჯეტის დეფიციტი დაბალია და უბრუნდება პანდემიამდელი პარამეტრებს გარკვეულ ნაწილში.
თუმცა ინფლაცია კვლავ გამოწვევად დარჩება 2023 წლისთვის, რადგანაც ის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ დონეზეა ნაპროგნოზები. ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წლისთვის 4,9%-ის ფარგლებშია. ეს პროგნოზი არ შეგვიცლია რამდენიმე თვეა, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი თვიური პროგნოზი ახლოსაა ფაქტობრივ მაჩვენებლებთან. 2022 წლის ბოლოსთვის ველოდებით ერთნიშნა ინფლაციას“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა.