„ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა. 2023 წელს ინფლაცია 5.3%-ის ფარგლებში იქნება და სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება“, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მომავალი წლიდან ინფლაციის შემცირების მოლოდინი აქვთ საკანონმდებლო ორგანოშიც, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან ინფლაციას დაღმავალი ტრენდი ექნება.
„2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, შესაბამისად, ბოლო 5 წელია პარლამენტი ამტკიცებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3% დონეზე, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიზნობრივისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდია, გამოჩნდა ინფლაციის დასტაბილურების ნიშნები და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან მას დაღმავალი ტრენდი ექნება“, - ამბობს კოვზანაძე.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მოლოდინით კი 2023 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია ახლოს უნდა იყოს მიზნობრივ მაჩვენებელთან.
2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზის მიზნობრივ მაჩვენებელთან (3%) დაახლოებას ელიან „თიბისი კაპიტალში“. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ 2023 წელს ინფლაცია დაახლოებით 3%-4%-ის ფარგლებში იქნება.
მსგავსი მოლოდინი აქვთ „გალტ & თაგარტში“. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ 2023 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 4.9%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო მომავალი წლის ბოლოსთვის ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდშიც, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და ინფლაციის კლებას ელიან. IMF-ის პროგნოზით, 2023 წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება და საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 6% იქნება, წლის ბოლოსთვის კი - 3.8%. საქართველოს ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2024 წელს დაუახლოვდება.
„გლობალური ვაჭრობის შენელება და ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოს ეკონომიკის ზრდაზეც აისახება, რაც საქონლის გლობალური ფასების კლებასთან, ლარის ბოლოდროინდელი გამყარებასთან და საკმარისად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს“, — აცხადებენ IMF-ში.