საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციურ მოლოდინებსა და ეკონომიკურ ზრდაზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ დეკემბერში ქვეყანაში ინფლაციურმა მოლოდინებმა იკლო.
„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს. ამავდროულად, დეკემბრის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 4%-6%-თან ახლოს დააფიქსირეს.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 0%-2%-იან და 2%-4%-იან ინტერვალებში ელოდებიან. გარდა ამისა, დიდწილად უცვლელია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 8%-ზე მეტად და ასევე 4%-6%-იან ინტერვალში მოიაზრებენ. მეორე მხრივ, დაიკლო იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ზრდას 2%-4%-იან ინტერვალში ფიქრობენ,“- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის საბაზო პროგნოზით, მიმდინარე წელს ინფლაციამ ჯერ 8.8%-მდე, შემდეგ 5.2%-მდე, წლის ბოლოს კი 3.4%-მდე დაიკლებს.