მიმდინარე კვირაში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში Youtube-ის შესაძლო დაბლოკვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, რუსეთის ციფრული განვითარების და კომუნიკაციების მინისტრმა მაკსუტ შადაევმა განაცხადა, რომ სამინისტროს YouTube-ის დაბლოკვის შესახებ პოზიცია არ შეუცვლია.
2022 წლის მაისში შადაევი YouTube-ის დაბლოკვის წინააღმდეგი იყო და ამას სხვა რუსული პლატფორმების მუშაობისთვის აუცილებელი კონკურენციული გარემოს არსებობის აუცილებლობით ხსნიდა.
YouTube-ის შესაძლო დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია 2022 წელს, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც Youtube-მა რუსეთის სახელმწიფო დუმის არხი დაბლოკა. მაშინ რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ პლატფორმამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Роскомнадзор), YouTube რუსული მედიისა და სამთავრობო უწყებების არხების დაბლოკვის, აგრეთვე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა, მაგრამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პლატფორმის დაბლოკვას აპირებდა.