მეტეხის ხიდი, მეტროსადგური გოცირიძე, დიღმის ჭალებში საქალაქო პარკი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, მთაწმინდის საბაგირო, ბაკურიანის ცენტრალური პარკი - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მშენებლობის ან აღდგენა-რეაბილიტაციის ტენდერები რამდენჯერმე ჩაიშალა ან უფრო მეტიც, საერთოდაც ვერ შედგა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რატომ ვერ ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში და რატომ არ მონაწილეობენ ტენდერებში ქართული კომპანიები. საკითხზე მედიაჰოლდინგთან დეტალურად „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე საუბრობს:
„ქვეყანაში ტენდერები რამდენიმე მიზეზის გამო იშლება. პირველი - მსოფლიოში ფასების ზრდამ ავტომატურად საქართველოშიც გამოიწვია გაძვირება, რაც აისახება როგორც მეტალის პროდუქციაზე, ასევე ცემენტზე. გარდა ამის ძვირდება როგორც ენერგომომხმარებლები ასევე ელექტროენერგიაც. ინფლაციის ზრდასთან ერთად ჩაშლილი ტენდერების კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება სურს. ძალიან ბევრი ადამიანი პოლონეთსა და ბალტიისპირეთში მიდის, ქვეყნებში სადაც ხელფასი გაცილებით მაღალია. კომპანიებს ძალიან გვიჭირს კვალიფიციური მუშახელის მობილიზება. დღევანდელი ფასებით ჩვენ ამ ხელფასებს ვერ გადავიხდით, შესაბამისად პირადად ჩვენი ძალიან ბევრი კადრი საზღვარგარეთ სამუშაოდ უკვე წავიდა. ინფლაცია მოსახლეობას იმ პირობებში აყენებს, რომ ყველამ თავის თავი უნდა გადაირჩინოს“, — აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
„კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გვიყვება, რომ დაახლოებით 2 წელია რაც კომუნიკაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მინიმუმამდეა დასული. ბიზნესმენი ამბობს, რომ არ ახსოვს მშენებლებსა და სახელმწიფო უწყებას შორის ბოლო შეხვედრა როდის შედგა. მისი თქმით, არსებული დამოკიდებულება სექტორს კარგს არაფერს მოუტანს.
„ურთიერთობა დამკვეთსა და მშენებელ კომპანიებს შორის რატომღაც ჩამოიშალა. ადრე გვეკითხებოდნენ თუ რა გვჭირდა, როგორი იყო მდგომარეობა, დღეს ეს ყველაფერი პირად კონტაქტზეა დამოკიდებული, თუმცა ასეთი საკითხები პირადი ურთიერთობებით არ წყდება. ინფორმაციას ტენდერების შესახებ გვაწვდიან, რაში მჭირდება მათი მოწოდებული ინფორმაცია, მე ვერ გავიგებ? ჩვენ გვინდა მტკივნეულ საკითხებზე საუბარი. ეს დამოკიდებულება, ძალიან მალე, დიდ პრობლემად ჩამოყალიბდება. საჭიროა ერთი დიდი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. ჩინური კომპანიების შემოსვლამ საქართველოს ბაზარზე გამოიწვია ის, რომ ქართულ კომპანიებს განვითარების შესაძლებლობა შეუმცირდათ“, — განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ დიდ კომპანიებს დიდი პროექტები სჭირდებათ, დღევანდელი ფასებით კი მსგავსი პოეტების შესრულება, როგორც თვითონ ამბობს, წარმოუდგენელია. ბიზნესმენი გვეუბნება, რომ ჯერჯერობით უმუშევრად დარჩენას არ აპირებს, თუმცა თქვა ისიც, რომ თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდება ძალიან ბევრი კომპანია მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
„თბილისის მერიაც და საავტომობილო გზების დეპარტამენტიც ტენდერებს ლიმიტირებული ფასებით აცხადებს, ეს გაუგონარი ამბავია. ვინმემ ექსპერტიზა რომ ჩაატაროს, დარწმუნდებიან, რომ შეთავაზებული ფასებით დღესაც კი ვერაფერი გაკეთდება. შესყიდვებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებთ. მდინარე რიონზე ხიდის მშენებლობა იგეგმება, გვინდა ტენდერში მონაწილეობა მივიღოთ, რადგან შეგვიძლია ახალი ტექნოლოგიებით ხარჯები შევამციროთ. მაგრამ რა შედეგით დასრულდება არ ვიცი, თუ ხიდის გადაკეთების საშუალება არ მომცეს, პროექტზე უარს ვიტყვი, რადგან ძველი სისტემით მშენებლობაში 2 მლნ-ით მეტი უნდა გადავიხადო და ეს ბიზნესია, თანხის დამატებას არავინ აპირებს“,- ამბობს ბიზნესმენი.
სახელმწიფოსთან მუშაობის რთულ გამოცდილებაზე „კომერსანტთან“ კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია საუბრობს. შპს „სოლკავ ჯორჯიას“ ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია უნდოდა, თუმცა, კომპანიის წინადადება არასრულფასოვნად ჩაითვალა და მათი დისკვალიფიცირება მოხდა. „სოლკავ ჯორჯიას“ დირექტორი ალექსი მიქაბერიძე ამბობს, რომ ხშირად ინფრასტრუქტურული პროექტი არასწორადაა შედგენილი, რისი ერთ-ერთი მაგალითიც მისი თქმით, სწორედ ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც ტენდერი მესამედ გამოცხადდა. კომპანიის დირექტორი ასევე აცხადებს, რომ შესყიდვებში ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი არსებობს, რაც ბიზნესის მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებს. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ამბობს, რომ ტენდერებში მონაწილეობის მიღებს და სახელმწიფოსთან თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ცდის.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც პროექტები არასწორადაა შედგენილი. სჯობდა, რომ პროექტი ორად გაყოფილიყო - ყინულის მოედანი ცალკე აშენებულიყო, პარკი კი ცალკე. რეალურად ეს ორი, განსხვავებული სამუშაოებია და ცალ-ცალკე უნდა აშენდეს. ასევ არასწორია ღია ყინულის მოედნის მშენებლობა, რადგან მხოლოდ 4 თვე იმუშავებს ზაფხულში კი ინფრასტრუქტურა შეიძლება გაფუჭდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყინულს სპეციალური მოვლა სჭირდება, რაც გათვალისწინებული არ იყო. პროექტში, ტყუილად ძალიან დიდი თანხა გადაყარეს. ტენდერში მონაწილეობას ისევ მივიღებთ, რადგან ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც ყინულის მოედანს აშენებს - ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია და გამოცდილება. იმის გამო, რომ არ მქონდა მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილება მოხდა ჩვენი დისკვალიფიკაცია, თუმცა საზღვარგარეთ, ჩვენი კომპანიის სათავო ოფისს არა ერთი პროექტი აქვს გაკეთებული, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა ალექსი მიქაბერიძემ.
ბაჩო ადამია