ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის აპელაციას ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ.
საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდება, რომელმაც მიმდინარე წლის 4 იანვარს ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება შეუძლებელია მისი სიცოცხლისთვის არსებული რისკის გამო.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. Wikileaks-ის დამფუძნებელს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
imedinews.ge