მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დარჩეს ის ინტელეტუალური პოტენციალი, რაც არსებობს, - ამის შესახებ „სტარტაპ გრაინდ თბილისის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კოლინ დონოჰიუმ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები, ბრწყინვალე ტექნოლოგიური აზროვნებით მიდიან ქვეყნიდან, მუშაობას იწყებენ Geoogle-ში, ლონდონის სილიკონის ველში მუშაობას, საქართველო კი ამ რესურსს კარგავს.
როგორც დონოჰიუ აღნიშნავს, ქვეყანამ თუ დაკარგა ასეთი მაღალი უნარის მქონე ექსპერტები, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი დანაკარგი იქნება.
დონოჰიუ აცხადებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა უცხოური კომპანიების შემოსვლაც. მისი განმარტებით, საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ჰაბიც.
„მაგალითად, აზერბაიჯანში არის რამდენიმე სტარტაპი, რომელთაც საქართველოში უნდათ ჩამოსვლა, რადგან იციან, რომ აქ ბიზნესგარემო უკეთესია, არ არის მთავრობის მხრიდან წნეხი და ასე შემდეგ. ხუთი წელია საქართველოში ვარ და ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი ქვეყნის ეკოსისტემის განვითარებას. 5 წლის წინ ამ მხრივ ძალიან დაბალ დონესთან გვქონდა საქმე, ახლა სიტუაცია შეიცვალა“, - აცხადებს დონოჰიუ.
მისი განცხადებით, საქართველოს სტარტაპ სამყაროში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევაც არსებობს.
„პირველი ეს არის იდეების ეტაპი. ადამიანები მოდიან და მეუბნებიან, რომ ორი წელი მუშაობდნენ ამ იდეებზე და მათ დაფინანსება სჭირდებათ. აქ კი მნიშვნელოვანია, რომ იდეა სწორი მიმართულებით წარიმართოს. სტარტაპი არ ნიშნავს მცირე ბიზნესს, ეს გახლავთ იდეა, რომელმაც შეიძლება სწრაფად ზრდის უნარი გამოავლინოს, მიაღწიოს მაღალ მაჩვენებლებს. ასე რომ, მნიშვნელოვანია შერჩევის მომენტი. მეორე ეს არის მენტორები მაღალი დონის ტექნოლოგიური კომპანიებიდან. მაგალითად, 50 000 ადამიანი მუშაობს სილიკონის ველზე, რომლებმაც შექმნეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ეს ისტორია საქართველოში არ გვაქვს, ამიტომაც ვცდილობთ მოგიყვანოთ ეს ადამიანები და არა ექსპერტები. მნიშვნელოვანია მენტორების ქსელების შექმნა“, - აცხადებს დონოჰიუ.
business-partner.ge