ისრაელი, იორდანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები მომდევნო კვირას ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, იორდანიის უდაბნოში მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს ენერგიას ისრაელში ზღვის წყლისგან მარილის გამოცალკევების საწარმოსთვის, რომლითაც იორდანია სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Times of Israel იტყობინება.
არსებული ცნობებით, შეთანხმებების გაფორმება დუბაიში მომავალ კვირას სამ ქვეყანას შორის ფარული მოლაპარაკებების შემდეგ იგეგმება.
მედიის ინფორმაციით, ამ ტიპის მოლაპარაკებებში ამერიკული მხარეც იყო ჩართული, კლიმატის საკითხებზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კერი არაერთხელ ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს და იორდანიის მეფე აბდულა მეორეს.
გარიგების პირობების მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია ააშენებს მზის ელექტროსადგურს იორდანიაში, საიდანაც ისრაელი ელექტროენერგიას შეისყიდის.
წყარო: "ენერგონიუსი"