საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს 9 მილიარდი ლარის მოცულობის იპოთეკური კრედიტები აქვთ გაცემული. მთავრობის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბანკებს ამ სასესხო პორტფელიდან ახალი ფინანსური ინსტრუმენტის - „იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების“ შექმნა შეეძლებათ.
კანონპროექტი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების ემისიასთან, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. კანონპროექტით დგინდება ფასიანი ქაღალდის დასახელების - „იპოთეკური ობლიგაცია“, „იპოთეკით დაცული ობლიგაცია“ ან მისი უცხოური ეკვივალენტის ექსკლუზიური ხასიათი, კერძოდ, აკრძალულია ხსენებული სახელწოდებით ფასიანი ქაღალდის საქართველოში გამოშვება, თუ იგი არ დააკმაყოფილებს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, კანონის დონეზე იპოთეკური ობლიგაციის მფლობელთა დაცვის გარანტიების შემუშავება და პროდუქტის სტრუქტურული მახასიათებლების განსაზღვრა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ ინსტრუმენტის მიმართ პოტენციურ ინვესტორთა ნდობის გასამყარებლად.
„კაპიტალის ბაზრით განვითარებასთან დაკავშირებით აქტიური მზაობა გვაქვს მთავრობასთან. იპოთეკით დაცული ობლიგაციები არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელებული პროდუქტია, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ეს ბაზარი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში განვითარდა. ეს არის ზოგადად იპოთეკური სესხების დაფინანსების ალტერნატიული წყარო ეკონომიკისთვის და მეორე ეს არის კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ბუსტერი. ეს ახალი ტიპის ინვესტორების შემოსვლას შეუწყობს ხელს, ზოგადად იპოთეკით დაცული ობლიგაციები რისკიანობით ითვლება მეორე დონედ მთავრობის ფასიანი ქაღალდების შემდეგ. მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ბოლო პერიოდში ძალიან ინტენსიურად გავედით საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდეთ უცხოელი ინვესტორები, შესაბამისად მათთვის საქართველოში ინვესტირების გაგრძელება არის სწორედ ეს ახალი ობლიგაციები.
მარეგულირებლისთვისაც ეს გვერდითი პოზიტიური ეფექტია. იპოთეკური სესხები დღეს გირაოდ აღიარებულია და კარგად მუშაობს, თუმცა მას შემდეგ რაც იპოთეკით დაცული ობლიგაციები იქნება, კომერციული ბანკებისთვის გირაოს ღირებულების მქონე აქტივი უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ლიკვიდური გახდება, ბუნებრივია ამას გავლენა ექნება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვის კუთხით“, — აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.
ახალი კანონის მიღების შემდეგ, ბანკს შეეძლება გამოუშვას 100 მილიონი ლარის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაცია, რომელიც შესაბამისი იპოთეკებით იქნება გამყარებული. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელში ამ ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2 მილიარდ ლარს მიაღწევს.