ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა გახდა.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აცხადებს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნისთვის.
„ჩემთვის და ჩვენი კომიტეტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მიღწევა პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტროს და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ერთად მუშაობის, ეს ამის ნათელი დადასტურება. ეს არის ღია ბიუჯეტის ინდექსში პირველ ადგილზე გადასვლა. 2015 წლის დინამიკა რომ დავინახოთ, ჩვენ პირველად მოვხვდით ოცეულში. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ხუთეულში ვიყავით. გასული წლის მონაცემებით კი, პირველი ადგილი დავიკავეთ. ეს მოიცავს, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვაზე, ასევე საბიუჯეტო ზედამხედველობას. ჩვენ გვაქვს საბიუჯეტო პროცესი, რომელიც უკვე დაიწყება მომავალი წლის ბიუჯეტისთვის. ეს არის პროცესი, რომელის მთლიან გამჭვირვალობაში მივიღეთ პირველი ადგილი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგი არის მნიშვნელოვანი. ასეთი შედეგი ქვეყანას არ ჰქონია და ვულოცავ ყველას. ფინანსთა სამინისტროს, ჩვენს კომიტეტს და მთლიანად ქვეყანას“, - განაცხადა კოვზანაძემ ,,საქმეში“.
ინფორმაციისთვის, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.