მოვაჭრე და მომხმარებელი თუ ვერ თანხმდებიან ერთმანეთში პრეტენზიის განხილვაში და კომპრომისს ვერ აღწევენ, ნებისმიერ მოქალაქეს უკვე შეუძლია განაცხადი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მოიტანოს, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„საკითხი უნდა ეხებოდეს მომხმარებელთა კოლექტიურ ინტერესს. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას და მტკიცებულებებს ორივე მხრიდან არსებული პრობლემის აქტუალურობის შესახებ და ამის შემდეგ, განაცხადის მიღებიდან ერთი თვის თავზე მიიღება გადაწყვეტილება. თუ დარღვევა დგინდება, პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოვიფარგლებით, თუ გონივრულ ვადაში პრობლემა არ იქნება აღმოფხვრილი ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომელიც გულისხმობს კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე მოცულობის თანხის დაკისრებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა. მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს, მომხმარებელთა უფლებები. ცვლილებები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.