რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიუხედავად, ირანი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
ტელეკომპანიის ცნობით, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდება უარყო.
„თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და სურს ომის დასრულება და ხალხის იძულებითი გადაადგილების დასრულება“, - აღნიშნა ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა.
მისი მტკიცებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები დიპლომატიური გზით შეაჩეროს და ევროპელებს ურჩევს, ეს საკითხი რეალისტური მიდგომით განიხილონ.
წყარო: https://www.interpressnews.ge/