კვირას ღამით ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ შაჰიდ-სალიმში ძრავის ზეთის დიდ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება, რომ აფეთქებები მოხდა ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში სამხედრო საბრძოლო მასალის ქარხანასა და დასავლეთ ირანის ქალაქ დიზფულში მდებარე საჰაერო ბაზაზე, ასევე - ქალაქ ჰამადანში (ქვეყნის დასავლეთით), რაშტში (ჩრდილოეთი) და თეირანში. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თავდასხმა მოხდა სამთავრობო შენობებზე.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა იერუსალიმში მოწყობილი ტერაქტის საპასუხოდ დაიწყო ირანში სპეცოპერაცია. ოპერაციის მიზანი სამხედრო ინდუსტრიის განადგურებაა.
ამას გარდა, პრემიერმა ნეთანიაჰუმ პოლიციური და სამხედრო ძალების მნიშვნელოვნად გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ასევე, გამარტივდება ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირება და ყიდვა. სპეცოპერაციამდე ერთი დღით ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარ ტერაქტზე პასუხისთვის ემზადება.