თეირანში ისლამურმა რევოლუციურმა სასამართლომ სამოქალაქო და შრომის აქტივისტს, ნედა ნაჯის მიუსაჯა პატიმრობა და გაშოლტვა, იმისთვის, რომ აქტივისტმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც მოჰყვა სექტემბერში მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს.
ნაჯის დედა, მეჰრანე ღასემი 3 იანვარს ინსტაგრამით წერდა, რომ მის ქალიშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა რვა თვის ვადით, 60 შოლტი და ჯარიმა 150 მილიონი რიალის, ანუ 385 ამერიკული დოლარის ოდენობით, "ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო პროპაგანდის" და "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით შეკრებაში და გაერთიანებაში" მონაწილეობისთვის. ამასთან, აქტივისტს ორი წლის განმავლობაში აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ე.წ. "სმარტ" ტელეფონის გამოყენება. ნაჯის ოჯახის წევრების თქმით, სასამართლოზე დაირღვა განსასჯელის უფლება ყოლოდა ადვოკატი.
ნაჯი 2 ოქტომბერს დააკავეს, მას მერე, რაც მონაწილეობა მიიღო თეირანში, კასრას საავადმყოფოს წინ გამართულ აქციაში - ამინი ამ საავადმყოფოში გარდაიცვალა მას მერე, რაც მორალის პოლიციიდან იქ გადაიყვანეს.
აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს, HRANA-ს ცნობით, 2 იანვრის მონაცემებით მღელვარებას ემსხვერპლა სულ მცირე 516 ადამიანი, მათ შორის 70 არასრულწლოვანი, უშიშროების ძალების მხრიდან მასშტაბური პროტესტის ჩახშობის მცდელობის შედეგად.