„სახელმწიფო უფლებამოსილია, რომ პაციენტმა მიიღოს საუკეთესო ხარისხის მომსახურება, ეს შეუძლებელია მაშინ, როდესაც ამ პაციენტს დაბალანაზღაურებადი და არამოტივირებული სამედიცინო პერსონალი ემსახურება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განუცხადა, სამედიცინო პერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების თემის კომენტირებისას.
აკაკი ზოიძის თქმით, ის რომ ექთნებს და ექიმებს ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, ძალიან კარგია, თუმცა საინტერესოა, თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი განხორციელებული და აღსრულებული.
„მომხრე ვარ იმის, რომ განსაკუთრებით ექთნებს და ექიმებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, აქაც საკმაოდ დიდი უთანასწორობაა, შეიძლება ბევრ სამუშაოს ასრულებდეს ექიმი, მაგრამ ზოგიერთ დაწესებულებაში ნაკლები ხელფასი ჰქონდეს.
გასაგებია, რომ არ შეიძლება, ყველას თანაბარი ანაზღაურება ჰქონდეს, მაგალითად, ვინც ახლა მაღალი კლასის სპეციალისტია და უფრო მეტს მუშაობს, ბუნებრივია, მას მეტი ანაზღაურება ექნება, მაგრამ რაღაც გარკვეული მინიმალური ზღვარი, იმ თვალსაზრისით, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს პაციენტს, უნდა არსებობდეს. სახელმწიფო იმავდროულად უფლება მოსილია, რომ პაციენტს ჰქონდეს საუკეთესო მომსახურება, შესაბამისად, შეუძლებელია საუკეთესო ხარისხის მომსახურება დაბალანაზღაურებადმა და არამოტივირებულმა პერსონალმა მიაწოდოს, ასე რომ პრინციპი მისაღებია, მაგრამ როგორ იქნება ეს მექანიზმი, რითაც ეს მოთხოვნილი იქნება და გაკონტროლდება, ეს არის მნიშვნელოვანი,“ — აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
თაკო კვაჭანტირაძე