ISET-ის მიერ გამოკითხული რესპონდენტების 35.9% ამბობს რომ მას და მის ოჯახს ვალით უწევს ცხოვრება.
რესპონდენტთა უმრავლესობა - 48.6% ამბობს რომ შემოსავალი ზუსტად ჰყოფნით, ხოლო მესამედზე მეტი ამბობს რომ თვიდან თვემდე ვალის აღება უწევთ. 5.7% ამბობს რომ ოჯახს ძველი დანაზოგის ხარჯვა უწევს, 7% ამბობს რომ შემოსავალი ოდნავ აღემატება ხარჯებს, 1.1 კი ამბობს რომ ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლებს.
მოსახლეობის უმრავლესობა თვლის რომ ამ ფონზე მომდევნო 1 წლის განმავლობაში ანაბრის გაკეთებას ვერ შეძლებენ. კერძოდ, რესპონდენტთა მხოლოდ 4.6% ელის რომ მომდევნო პერიოდში დაზოგვას შეძლებს.
„ყველაზე ნეგატიური ტენდენცია ჰქონდა მომხმარებელთა მოლოდინებს ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით (შემცირდა 9 პუნქტით). ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა ზაფხულის განმავლობაში, რაც დაკავშირებული იყო თვიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებასთან, ლარის გამყარებასა და საწვავის ფასების მცირე ვარდნასთან. სექტემბერში კი ინფლაცია ზრდას დაუბრუნდა, აგვისტოს ბოლოდან ლარმა გაუფასურება დაიწყო, რითაც შესაძლოა, ფასების სტაბილურობაზე მოლოდინების შემცირება აიხსნას. ასევე, მოსახლეობის მოლოდინი ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებისადმი 6 პუნქტით დაეცა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ივლისში და, რასაც ახლა ვხედავთ, სავარაუდოდ, ზაფხულში საერთაშორისო ვიზიტებისა და ექსპორტის პიკის შემდგომი დაკორექტირებაა. რაც შეეხება ინდექსში ცვლილებებს დადებითი მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის მოლოდინი დასაქმების დონესთან დაკავშირებით და შესაბამისი მაჩვენებელი ინდექსის 20 პუნქტით გაუმჯობესდა, რამაც მოლოდინების ინდექსის ზოგადი ტენდენციების დადებითისკენ გადახრა განაპირობა“, - განმარტავენ ISET-ში.