„იშბანკი საქართველო“ ოქტომბრიდან განახლებული მენეჯმენტით აგრძელებს ოპერირებას. ბანკის გენერალური დირექტორი ოზან გური სამშობლოში ბრუნდება და ხელმძღვანელის პორტფელს ჰუსეინ ემრე ილმაზი იბარებს. როგორც „იშბანკში“ აცხადებენ, ჰუსეინ ემრე ილმაზს 26 წლიანი გამოცდილება აქვს საბანკო სფეროში.
„იშბანკმა“ 2022 წლის 9 თვე 14 მლნ ლარამდე მოგებით დაასრულა. ამ დროისთვის „იშბანკი საქართველოს“ საზედამხედველო კაპიტალი 111 მლნ ლარს აღემატება, ხოლო აქტივები 410 მლნ ლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ბანკს 278 მლნ ლარის სესხი აქვს გაცემული, რომელიც ძირითადად მსხვილი ბინესკრედიტია, საცალო სესხების მოცულობა მხოლოდ 8 მლნ ლარია.
2012 წლის ივლისში ბანკი დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და დაიწყო საქმიანობა ბათუმში, როგორც „თურქეთის იშბანკის“ უცხოურმა ფილიალმა. 2015 წლის აგვისტოში განხორციელდა ბათუმის ფილიალის ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა სს იშბანკი საქართველო, როგორც „თურქეთის იშბანკის“ შვილობილი ბანკი. იმ დროისთვის ბანკის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 30 მილიონ ლარს.