„ისი-პარი“-ს ერთ-ერთი მეწილე და თანადამფუძნებელი, ლევან მარგველაშვილი გარდაიცვალა, „ისი-პარი“-მ სოციალურ ქსელში გლოვის აღმნიშვნელი ფოტო დააყენა და სამძიმრის წერილი გაავრცელა.
„ისი პარის ერთგულო მომხმარებლებო და მეგობრებო, ძალიან გვიჭირს ახლა ამის დაწერა, მთელი გუნდი დამწუხრებული და ტკივილით სავსე ვართ, რადგან უნდა შეგატყობინოთ ჩვენთვის უმძიმესი და წარმოუდგენელი ამბავი.
1 აპრილს, გარდაიცვალა ისი პარის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სიკეთით სავსე და ყველასათვის საყვარელი ბატონი ლევან მარგველაშვილი, რომელსაც უსაზღვრო და უდიდესი წვლილი მიუძღვის ისი პარის ზრდასა და განვითარებაში. ვერანაირი სიტყვებით გადმოგცემთ, თითოეული ჩვენგანის მწუხარებას, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით მის თანადგომას, მეგობრობასა და სიყვარულს. მისი ღიმილიანი სახე არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. საოცრად რთულია და გვიჭირს ისი პარის 28 წლიანი ისტორიის, ძალიან დიდი გზის განვლის შემდეგ, ასეთი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილება.
რთულად წარმოსადგენი და გსააზრებელია, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, მაგრამ აუცილებლად მოვიკრებთ ძალებს და თავდაუზოგავად გავაგრძელებთ იმ საქმეს, რასაც ბატონი ლევანი 1995 წლიდან დღემდე ისი პარისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის აკეთებდა.
ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა ბატონო ლევან, ჩვენ არ გემშვიდობებით, რადგან ისი პარისა და ჩვენს გულებში, თქვენ სამუდამოდ იცოცხლებთ,“ — წერია ისი პარის განცხადებაში.
სამძიმრის წერილი ასვე გაავრცელა კომპანიის მარკეტინგისა და PR–ის ყოფილმა მენეჯერმა ხატია შამუგიამ.
„ლევანის დაბ დღე 19 აპრილსაა, ვახტანგის - 23 აპრილს და რამდენიმე წელი ემთხვეოდა ჩვენი მივლინებები ამ პერიოდში ბარსელონაში, სადაც ორივე იუბილარი აღნიშნავდა იუბილეს.
წელს ზეციურ მარადიულობაში შეხვდებიან და იქ იზეიმებენ რა ბედნიერი დრო იყო RIP Levan Margvelashvili“ - წერს ხატია შამუგია.