კოვიდვაქცინასთან ერთად ნელ-ნელა მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატებიც ჩნდება. ისრაელის შემდეგ, დამაიმედებელი ინფორმაცია ბრიტანეთიდანაც ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯევიდმა მედიკამენტი „რონაპრევე“ შეაფასა, როგორც „პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი იარაღი“.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მარეგულირებელ სააგენტოში აცხადებენ, რომ კლინიკური კვლევების შედეგად მძიმე პაციენტებთან მიმართებაში პრეპარატის ეფექტიანობა დადასტურდა. მედიკამენტი ამცირებს როგორც ჰოსპიტალიზაციის ალბათობას, ისე სიმპტომურ გამოვლინებებსაც.
„რონაპრევე“ ვაქცინის ალტერნატივას არ წარმოადგენს, თუმცა, მის მსგავსად ანტისხეულებს გამოიმუშავებს და ვირუსს სასუნთქი სისტემის დაზიანებაში ხელს შეუშლის.
ახალმა მედიკამენტმა გამოყენების გადაუდებელი თანხმობა უკვე მიიღო 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, რომელიც კოვიდით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
2020 წლის დეკემბრამდე კოვიდს მხოლოდ სიმპტომური გამოვლინების საფუძველზე კურნავდნენ. დეკემბრიდან ისრაელსა და ბრიტანეთში ვაქცინაცია დაიწყო, რომელიც ინფიცირების ალბათობას მეტნაკლებად, გარდაცვალების ალბათობას კი თითქმის 100%-ით ამცირებს. 1-22 აგვისტოს ისრაელში 119 ათასი ადამიანი დაინფიცირდა და 357 გარდაიცვალა, საქართველოში კი 95 ათასი დაინფიცირდა და 951 გარდაიცვალა. ისრაელში ორჯერადად აცრილ პირთა წილი მოსახლეობის 63%-ზე მეტია, საქართველოში 8%-ზე ნაკლები.
მოსალოდნელია, რომ ვაქცინის შემდეგ, კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატი სიკვდილიანობის შემცირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან იარაღად იქცევა.
reuters.com