ისრაელის უმსხვილესმა ბენ გურიონის სახელობის აეროპორტმა, რომელიც თელ-ავივში მდებარეობს ფრნები შეაჩერა, მიზეზი მასშტაბური გაფიცვებია, რომელიც პროფკავშირების ორგანიზებით მიმდინარეობს სასამართლო რეფორმების გასაპროტესტებლად.
პროფკავშირების ხელმძღვანელმა არნონ ბარ-დევიდმა პირდაპირ მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მოუწოდა, რომ "შეაჩეროს ეს სასამართლო რევოლუცია და სიგიჟე, სანამ გვიან არ არის".
შეგახსენებთ, რომ შაბათს ისრაელში საპროტესტო გამოსვლებმა განახლებული ენერგიით იფეთქა თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, რომელმაც მთავრობის მეთაურს სასამართლო რეფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ქუჩებში ასობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, რაც ყველაზე მასშტაბური აქცია იყო ქვეყნის ისტორიაში.
იმავდროულად, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა მოუწოდა მთავრობას და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეაჩერონ სასამართლო რეფორმა მასობრივი პროტესტის ფონზე. მას მიაჩნია, რომ რეფორმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკას.