ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად ინვესტიციების ზრდაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, 2022 წელი წარმატებული იყო საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესამე კვარტალში, დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით (მშპ-ის 5.9%), რაც ისტორიული მაქსიმუმია. სამი კვარტლის ჯამურმა დეფიციტმა რეკორდულად დაბალი, 459.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 2.7 პროცენტი შეადგინა.
„2022 წელს წინასწარი შეფასებით, ველოდებით დეფიციტის შემცირებას მშპ-ის 3-3.5 პროცენტის ფარგლებში, რაც, ასევე, ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია", - განაცხადა მან.
ლაშა ხუციშვილის თქმით, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი დაფინანსების წყაროებიც, საიდანაც უმთავრესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო.
„გასულ წელს, ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიარდი აშშ.
დოლარი შეადგინა, სადაც ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის წილი 72.6 პროცენტი იყო. პანდემიის დროინდელი კლების შემდეგ, ზრდა დაიწყო მთლიანმა ინვესტიციებმაც. წინასწარი შეფასებით, 2022 წელს მთლიანი ინვესტიციების თანაფარდობამ მშპ-სთან მიმართებით 22 პროცენტი შეადგინა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.