ჩრდილო-აღმოსავლეთი იტალია ცდილობს გახდეს იმპორტისა და ექსპორტის ცენტრი უკრაინისთვის, რომელიც, რუსული აგრესიის გამო, შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო ბლოკადაშია. ამ ინიციატივაში ჩართული ობიექტებია ტრიესტისა და ვენეციის პორტები, ასევე ინტერმოდალური ტერმინალები პადუასა და ვერონაში. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
საქონელი უკრაინიდან და უკრაინაში იტალიას ბალტია-ადრიატიკის სარკინიგზო დერეფან TEN-T-ის გავლით მიეწოდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაგეგმილია ტვირთების ნაკადის გადამისამართება შავი ზღვიდან, რომელიც ახლა ომის გამო ჩაკეტილია, ადრიატიკისკენ.
ახალი ინიციატივა ეკონომიკური განვითარებისა და წარმოების იტალიის მინისტრმა ადოლფო ურსომ თებერვლის ბოლოს ვენეციაში პროფკავშირების კონფერენციაზე გამოაცხადა. როგორც ევროპის სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანებამ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, ბალტია-ადრიატიკის დერეფნის გეგმა უკრაინამდე გავრცელდება.
„ახალი დერეფანი“ ადრიატიკის ზღვის იტალიის სანაპიროს ლვოვთან, უნგრეთის და სლოვენიის გავლით, დააკავშირებს. ადოლფო ურსოს მიერ გამოცხადებული პროექტი დეტალურად იქნება წარმოდგენილი 10 მარტს ვერონაში, LetExpo ლოგისტიკის გამოფენაზე.
უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების საპილოტე პროექტი ჩოპის რკინიგზის სადგურიდან პადუას ტერმინალამდე ახლახან გადაკეთდა მუდმივ სერვისად. 500 მეტრის სიგრძის თითოეული მატარებელი 1,2 ათას ტონა უკრაინულ მარცვლეულს გადაიტანს. ამ სერვისის ამოსავალ წერტილად არჩეულ იქნა ჩოპის სადგური.