იტალიას ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP) ბუნებრივი აირის იმპორტის წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა სურს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, მანლიო დი სტეფანომ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„TAP-მა იტალიას საშუალება მისცა, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის შედეგები შეემსუბუქებინა. დღეს ბუნებრივი აირი ენერგეტიკულ ტრანზიციაში საკვანძო ელემენტია. ჩვენ მიზნად ვისახავთ, TAP-ით ბუნებრივი აირის მიწოდება წელიწადში 7 მილიარდიდან 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ. მომავალში გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაც იგეგმება,“ - აცხადებს მანლიო დი სტეფანო.
TAP-ს, როგორც გაზის სამხრეთ დერეფნის ევროპულ მონაკვეთს, წელიწადში ევროპის რამდენიმე ბაზარზე, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება შეუძლია. მილსადენს, ასევე, გამტარუნარიანობის 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის პოტენციალი აქვს.
AzerNews-ის შეფასებით, TAP, ბუნებრივი აირის ალტერნატიულ წყაროზე საიმედო წვდომის უზრუნველსაყოფად, ევროპისთვის სტრატეგიულად და ეკონომიკურად მეტად მნიშვნელოვანია.
„TAP მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, მიწოდების დივერსიფიკაციასა და ასევე, დეკარბონიზაციის მიზნებში,“ - წერს სააგენტო.
TAP-ის აქციათა პაკეტის მეწილეები არიან: bp (20%), SOCAR (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).
BPN.GE