იტალიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუს ბიზნესმენებს მთლიანობაში 250 მლნ დოლარის ქონება გაუყინა. თუმცა, როგორც The Washington Post (WP) იტყობინება, მთავრობა ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა, თუ როგორ მართონ გაყინული ვილები და რამდენ ხანს შეიძლება, ისინი მფლობელის გარეშე დარჩნენ.
კანონის თანახმად, იტალიის მთავრობა ვალდებულია, გაყინული აქტივების ღირებულება შეინარჩუნოს. WP-ის ცნობით, თეორიულად ოფიციალურ რომს შეუძლია, რუსების გაყინული საბანკო ანგარიშები მათივე ქონების შესანარჩუნებლად გამოიყენოს. თუმცა, როგორც ვალენსიის უნივერსიტეტის სანქციების სპეციალისტმა, კლარა პორტელამ გამოცემას განუცხადა, ანგარიშებზე არ იქნება საკმარისი თანხა ამ ქონების მომსახურებისთვის.
პორტელას თქმით, ევროპულ ხელისუფლებას ამ ღირებულების აქტივების მართვაზე მცირე გამოცდილება აქვს, რადგან ადრე ევროკავშირში სანქცირებული ადამიანების უმეტესობას ევროპაში მნიშვნელოვანი კაპიტალი არ ჰქონია.
იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ გაყინული აქტივების მართვა მეტად ძვირი დაჯდა, ისინი შესაძლოა, გაიყიდოს. თუმცა WP წერს, რომ ასეთი ნაბიჯი, სავარაუდოდ, ახალ პრობლემებს გამოიწვევს, რადგან რუსები ამ ზომების სასამართლოში გაპროტესტებას შეეცდებიან.
იტალიამ, სხვა აქტივებთან ერთად, სამი რუსი ბიზნესმენის, მინიმუმ, რვა ვილა გაყინა სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც „ზურმუხტის სანაპიროდ“ არის ცნობილი. ამ ბიზნესმენებს შორის, WP-ის ცნობით, ყველაზე ცნობილი არის რუსი მილიარდერი, ალიშერ უსმანოვი, რომელმაც სარდინიაში ბევრი დრო გაატარა და ფულს ქველმოქმედებაშიც ხარჯავდა, რისთვისაც 2018 წელს მას სარდინიის არცაკენას კომუნის საპატიო მოქალაქის სტატუსიც მიანიჭეს.
WP-ის მონაცემებით, უსმანოვი სარდინიაში ოთხ ვილასთან ასოცირდება, რომლის მოვლა წელიწადში ასობით ათასი დოლარი ღირს. უსმანოვის წარმომადგენელმა გაზეთს განუცხადა, რომ ბიზნესმენთან დაკავშირებული ევროპული ქონების დიდი ნაწილი დიდი ხანია, „ოჯახურ ტრასტებში გადვიდა.“ მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსმანოვი სანქციებს არაგონივრულად მიიჩნევს და აპრილში მან ევროკავშირის პერსონალური სანქციების მოხსნის მიზნით სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.
გაყინული უძრავი ქონების შენახვის ხარჯების გარდა, ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობის უმუშევრობის პრობლემასაც აწყდება. WP წერს, რომ სარდინიის ზურმუხტოვანი სანაპირო ტურისტულად ისე განვითარებული არ არის, როგორც მიკონოსი ან იბიცაა. იქ ტურისტული ცხოვრება მხოლოდ წელიწადში რამდენიმე კვირა, ივლისსა და აგვისტოში ცოცხლდება, როცა კუნძულს მდიდარი სტუმრები სტუმრობენ. გამოცემის მონაცმებით, ამჟამად ბევრი ადგილობრივი მუშახელი, რომლებიც მანამდე რუსი მილიარდერებისგან ფეხის ქირით გულუხვად საჩუქრდებოდა, უმუშევარია.