პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირების წესის დაცვა იტალიის ცხოვრების ნორმალური რიტმისკენ დაბრუნების ერთ-ერთი პირობა იქნება, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას.
„არსებულ სანიტარულ პირობებში მთავრობამ 5-პუნქტიანი სტრატეგია შეადგინა. ერთ-ერთი პუნქტი სოციალური დისტანცირების შენარჩუნებასა და პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენებას ითვალისწინებს მანამ, სანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არ შეიქმნება“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ჯუზეპე კონტემ ასევე დაადასტურა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე მთავრობა კარანტინის რეჟიმიდან ეტაპობრივი გამოსვლის გეგმას წარადგენს.
„ახალი ნორმებიც იქნება, რომელიც სოციალურ დისტანცირებას შეეხება, ვინაიდან გვესმის, თუ რაოდენ რთულია მოქალაქეებისთვის ყველა ის წესი დაიცვან, რომელიც ინფიცირების გავრცელების შეკავებაზეა მიმართული“, - აღნიშნა იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 181 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 24 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 49 ათასი კი გამოჯანმრთელდა.
Imedinews.ge