იტალიის სენატმა 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას იტალიის პარლამენტი ზედა პალატის (სენატის) 143-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 29 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
კროზეტომ აღნიშნა, რომ უკრაინა იტალიისგან შეიარაღებას იქამდე მიიღებს, ვიდრე რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაიწყება.
სენატმა ასევე მხარი დაუჭირა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიისა და ბლოკ “მოქმედება”-ს რეზოლუციას, რომელიც იარაღის მიწოდების გზით უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ამავდროულად, მემარცხენეებისა და “მწვანეების” მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც უკრაინისადმი შეიარაღების მიწოდების შეწყვეტას ითვალისწინებდა, უარყოფილ იქნა.
La Repubblica-ს თანახმად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ “კიევისადმი სრული მხარდაჭერა” დაადასტურა.
გამოცემას მელონის პოზიცია მოჰყავს: “კი” შეიარაღების ახალ პარტიებს, “კი” რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც “ჩვენთვის მტკივნეული, მაგრამ ეფექტიანია”.